პენიტენციური სამსახური ციხეებში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას უარყოფს.
უწყების მტკიცებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6%-ია ინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს.
განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების.
ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან.
საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57 კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.
რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ციხეებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულტა ვაქცინაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პატიმრების ოჯახის წევრები ფორმულას გუშინ დაუკავშირდნენ. მათი თქმით, თავისუფლებააღკვეთილებს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურა აქვთ, თუმცა მათ კორონავირუსის სწრაფ ან pcr ტესტებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ. მათ არც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
პატიმრების ახლობლების, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდაფეთქებაა და პატიმრებს გაუსაძლის პირობებში, სამედიცინო მომსახურების გარეშე უწევთ ყოფნა.